Wednesday, April 22, 2009

ნება მიეცი იცოცხლოს
ქეთევან არველაძე
თბილისი, 15 აპრილი, 2009 წელი

`ჩვენ უნდა გავაგებინოთ ადამანებს, 
რომ შიდსისი კრიზისი არ დასრულებულა, 
რომ ეს კრიზისი არ არის მხოლოდ რამოდენიმე ქვეყნის
 პრობლემა, იგი ემუქრება მთელ კაცობრიობას, მთელ ცივილიზაციას.”
Kკოფი ანანი

`მე ხელით არ შემეხნენ, მაგრამ ხელკეტებით იმდენი მირტყეს, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი არ მეგონა. ყველა პოლიციელი ყვიროდა შიდსიანები უნდა მოკვდნენო. ამის შემდეგ გიჟი უნდა ვიყო ვინმეს ვუთხრა, შიდსი მაქვს, ყველამ თავის თავს მიხედოს”. _ 28 წლის დათოს მსგავსად ბევრი ინფიცირებული ფიქრობს, რადგან საზოგადოებაში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ შიდსი ასოცირდება პირადულ, ინტიმურ ქცევებთან. დუმილი, ტაბუ და მითები კი ამ ინფექციის თანმდევია.

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) ეს არის აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექციის ბოლო სტადია, ანუ ადამიანის ორგანიზმში ჯერ აივ ვირუსი იჭრება და ამის შემდეგ ყალიბდება შიდსი. აივ ძალიან საშიშია, რადგან ის პრაქტიკულად ანადგურებს ადამიანის იმუნურ სისტემას. (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: წწწ.ყოუტჰაიდს.გე) 

საქართველოში აივ ინფიცირებულთა რიცხვი
ყოველწლიურად იზრდება. 2009 წლის 10 აპრილის 
მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და 
კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 
შიდსის ვირუსით ინფიცირების 1972 შემთხვევა, 1482 – 
მამაკაცი, 490– ქალი. პირველი შემთხვევა გამოვლინდა
1989 წელს. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 
2003 წელს გამოვლინდა 100 ახალი შემთხვევა, 
2004 წელს _ 163, 
2005 წელს _ 242,
2006 წელს _ 276, 
2007 წელს _ 344,
2008 წელს _ 351.
2009 წლის 10 აპრილის მონაცემებით გამოვლინდა 121 ახალი შემთხვევა.












  მსოფლიოში ეპიდემიის დაწყერბიდან დღემდე გარდაიცვალა 20 მილიონი ადამიანი. მხოლოდ 2005 წელს დაინფიცირდა _ 4,9 მილიონი. მათ შორის: მოზრდილები – 4,2 მლნ, ბავშვები < 15 წ. – 700 000. 2005 წელს გარდაიცვალა მოზრდილები - 2,9 მილიონი, ბავშვები < 15წ. – 570 000. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი 15-დან 24 წლამდე მოდის. ჩვენს ქვეყანაში კი 15დან 24წლამდე ახალგარზრდების ინფიცირების რიცხვი სულ 43.

აივ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ხელს უწყობს ინფიცირებულების სტიგმა და დისკრიმინაცია. მაგალითად, მაშინ როდესაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული, ისინი ნაკლებად თანხმდებიან შემოწმებას ან მკურნალობას, რადგან ადგილი აქვს დისკრიმინაციას, არაკონფიდენციალობასა და სხვა ნეგატიურ მოვლენას. დადგენილია, რომ შიდსის გავრცელების ხარისხი გაცილებით მაღალია იმ ჯგუფებში, რომლებიც განიცდიან უფლებების შელახვას, სოციალურ და ეკონომიკურ დისკრიმინაციას.

  სამარცხვინოა, მაგრამ ფაქტია, რომ შიდსით დაავადებულთა უფლებები ირღვევა ყველგან, მათ შორის საქართველოშიც. მათ ავიწროვებენ, იძულებულს ხდიან დატოვონ სამსახური. ინფიცირებულებს და მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სასწავლო დაწესებულებებშიც. ხშირია ფაქტები, როდესაც მათ უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე და სხვა. მსგავსი ქმედებები იწვევს ინფიცირებულთა აგრესიას.

`ჩემი და მეუღლის ინფიცირების ამბავი ჩემი ფეხმძიმობისას გავიგეთ. ნაყოფი დიდი იყო და მისი მოცილება არ შეიძლებოდა. მკურნალმა ექიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაბადებულიყო. ჩამიტარდა ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა წინა პერიოდში. საკეისროს გაკეთება კი უფრო შეამცირებდა ბავშვის დაინფიცირების რისკს. მაგრამ მშობიარობის დრო რომ დადგა, აღმოჩნდა რომ არცერთი სამშობიარო არ თანხმდებოდა ჩემთვის ოპერაციის გაკეთებას. ვერ აგიწერთ როგორ გავმწარდი, როცა იცი, რომ არის შანსი და მას ხელიდან გაცლიან, თან ვინ, ექიმები, რომლებიც ყველაფერს უნდა აკეთებდნენ სიცოხლის გადასარჩენად. ასეთ შიშში და უიმედობაში ვიმშობიარე, მაგრამ ღვთის წყალობით პატარა ჯანმრთელი დაიბადა. Aარ ვიცი რას ვიზამდი ბავშვი რომ დაინფიცირებული დაბადებულიყო”. – იხსენებს ჩვენთან საუბრისას 23 წლის თამარი.
 
შიდსის პრობლემა კვლავ უმწვავესია მთელს
მსოფლიოში და მილიონობით ადამიანი 
იღუპება ვირუსით.Aაივი მიჩნეულია კაცობრიობის 
ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის 
შემდეგ და შედის იმ ხუთ მთავარ დაავადებებში, რომლებიც ყველაზე ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

რა ვუყოთ შიდსთან ასოცირებულ სტიგმას? ხომ არ აჯობებდა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო ამ დაავადების გადაცემის გზების და მიმდინარეობის შესახებ? ალბათ, მაშინ უფრო შემწყნარებლები გავხდებოდით მათ მიმართ, ვინც საკუთარი ან სხვისი გაუფრთხილებლობის გამო უკვე დაინფიცირებულია და აღარ დავასვავდით მათ დამღას; ხომ არ აჯობებდა, რომ სტიგმა სოლიდარობით შეგვეცვალა, ხოლო შიში იმედით. შიდსი არ ანსხვავებს ადამიანებს, მან არ იცის დისკრიმინაცია; დისკრიმინიაცია ადამიანების მოგონილია.

No comments:

Post a Comment